სოფლის მეურნეობა ვიცით სადაც, მაგრამ როგორ?
როდესაც ამ სტატიაზე მუშაობას ვიწყებდი ძალიან დიდხანს ვფიქრობდი თუ როგორი ფორმით გადმომეცა სათქმელი, ისე რომ არც ფორმა დაზარალებულიყო და არც აზრი. სოფლის მეურნეობაზე და თან პოპულარულ ენაზე მინდა რომ დავწერო. რაკი პოსტსაბჭოურ საქართველოს მე სრულად მოვესწარი და ემოციურად თუ რეალური ქცევით მისი ყოფითი პერიპეტიების მონაწილეც ვარ, გადავწყვიტე ეკონომიკური შინაარსის ნარატივებში ქექვის ნაცვლად, ცოტა ხნით საკუთარ ხსოვნაში ჩამეხედა.
გახსენებულის მოხსენებას უსინათლო, ცივი, პურის ტალონის ფასს ნაადრევად მიხვედრილი და მხედრიონელის ნიღბის მეტისმეტად ინფანტილურად აღმქმელი ბავშვობის ადრეული ხანის გამოტოვებით დავიწყებ.
ჩემს ყურთასმენას ხშირად სწვდებოდა უფროსების, საქმეში ჩახედულების, ჩაუხედავების და უბრალოდ საკუთარი პრობლემების დავიწყების მოსურნეთა მსჯელობა ქვეყნის ეკონომიკაზე. ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი და ყველაფერს ხარბი ცნობისმოყვარეობით ვეპოტინებოდი. ცალსახა ზემოქმედება ამ საუბრებს არ ქონია ჩემზე, მაგრამ ასე, ნელ-ნელა ცხოველმყოფელი გავლენა კი მოახდინა ჩემი გაეკონომისტების სურვილის მომწიფებით.
ცნობიერებას მკაფიოდ შემორჩა ჩემი ნაცნობი პირველი „ეკონომისტების“ ფრაგმენტული პორტრეტები - ღრმად დანაოჭებული შუბლი, უხვად მზედაკრული სახეები შიგადაშიგ დაცვარული თვალის უპეებით, ალალად გაშლილი ნახეთქებიანი ხელები და იმედგაცრუებული, წარსულში დაბმული მზერა მომავლისაკენ, რომელსაც დღისით მბოლავი „კერასინკა“, ღამით კი ჭრაქი მკრთალი შუქითა და ნავთის სურნელით კვებავდა. არ მახსენდება შემთხვევა როცა ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ არსებულით ან იმ ეტაპზე გამოჩინებული მომავლის ხატით. უკვე 2011 წლის მისახედიდან ჩანს რომ არც გაემტყუნებოდათ.
მაშინ სოფელში ვცხოვრობდი. რიგი გარემოებების დამსახურებით ჩემს ცნობიერებაში ერთი კონკრეტული სნობური აზრი დამკვიდრდა. ამ სნობიზმით გაჟღენთილი, ბუნდოვანი დამოკიდებულების ერთერთი ყველაზე ცხადი გამოვლინება უარყოფითი ემოციით გაჯერებული წარმოდგენა იყო ყველაფრისადმი რაც სოფელთან ასოცირდებოდა. ყოველივე „არასოფლურის“ მოტრფიალე სნობი თინეიჯერი იქამდე გავკადნიერდი, რომ 13 წლის ასაკში ეკონომიკურ პოლიტიკაზე საკუთარი პოზიციაც ავირჩიე. უფროსი ასაკის ადამიანები გამუდმებით სოფლის მეურნეობის მიყურადების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. სამაგიეროდ, შრომას შეუჩვეველ ახალგაზრდებს გვეუკადრისებოდა ჩვენი სამშობლოს მომავლის სოფელთან ასეთი პირდაპირი ასოცირება. ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ ჩვენი ოცნება თეთრსაყელოიანი, ცივილიზაციით ნაპატიები და შედეგად გასათუთებული თითებით ნაკეთები ბიზნესით მოტანილი ეკონომიკური კეთილდღეობა იყო.
შეხედულება ასაკის და სტაჟის ზრდის პარალელურად გადამიფასდა. დღეს უკვე ვიცი სადაც იქმნება ხელშესახები ეკონომიკური დოვლათი. მაგრამ ახლა ეს ამბავი ერთგვარი მემუარების წერის მოთხოვნილებით არ გამიხსენებია. სინამდვილეში წლების წინ, მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ფსონის პრინციპულად არდადების ლოგიკის ახსნას ვაპირებ და საკუთარ თავში ნაპოვნი აზრობრივი დეფექტით ხელისუფლების სტრატეგიულ ქცევაში არქეტიპული შრის ამოკითხვას ვცდილობ.
ახალგაზრდა, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, ამბიციური, უმრავლესად ნაკლებგამოცდილი, თუმცა ინგლისურენოვნად განათლებული კადრებით დაკომპლექტებული გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ტურიზმი იმთავითვე იქცა ქვეყნის ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლის ეკონომიკურ მგეზავად, შესაბამისად დარგი ეკონომიკური აქტივობის მთვარ მოტივატორადაც მოგვევლინა. სამაგიეროდ, სოფლის მეურნეობას საფუძვლიანად აეყარა პატივი.
ძალიან მალევე სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილი ერების საქმედ შეფასდა. ჩემი აზრით, სწორედ, ეს იყო სნობიზმის მოძალების გამოვლინება. ჩვენც არ შეგვიმჩნევია ისე ავმაღლდით ჩამორჩენილის იმიჯის მქონე ქვეყნებზე მაღლა და ეკონომიკის ახლებურად შენებას შევუდექით, მერე რა რომ სოფლის დაცემის ხარჯზე.
ავადსახსენებელი 90-იანი წლების შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეკონომიკის საფუძველი გვარიანად იყო დარღვეული. არსებული ეკონომიკური სისტემისა და ინფრასტრუქტურის მოშლას ძალიან მალევე მოყვა პროფესიონალი კადრების ქვეყნის საზღვრებს მიღმა ფართომასშტაბიანი გადინება.
მოგვიანებით აზროვნების გადაფასების მტკივნეული, თუმცა შეუქცევადი პროცესი ამოძრავდა. ყველაფერი, რაც საზოგადოებას უახლეს ისტორიასთან აკავშირებდა საფრთხობელას მანტიით შეიმოსა და შეჩვენდა. გამონაკლისი არც ეკონომიკის ნაშთები იყო. მოიშალა კოოპერაციული შრომის გამოყენების მექანიზმი და თან ისე, რომ ქვეყანაში არ დატოვა ამგვარი შრომის დადებითი გამოცდილება. არადა კოოპერაციული შრომის უკუგების ხარისხი აგრარულ სექტორში გაცილებით მაღალია ინდივიდუალურ შრომასთან შედარებით (ეს ისე აგრო-საკადრო წიაღსვლისათვის).
სოფლის მეურნეობაში აღარ დარჩა ნორმალური ინფრასტრუქტურა. დღემდე ნარჩუნდება ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების ძალიან დაბალი დონე. აღარ არსებობს სანერგე და საჩითილე მეურნეობა. შედეგად დაკნინდა ადგილობრივი კულტურების ჯიშური თვისებები.
სოფელი ეკონომიკურად პრაქტიკულად პარალიზებულია, რაც ავტომატურად იწვევს აგრარულ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის სამეურნეო საქმიანობის პარალიზებას. ისინი იძულებული არიან ეძიონ შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზები, ტოვებენ მიწას, სოფელს, ოჯახს და ძირითადად (და ისიც უკეთეს შემთხვევაში) ეძალებიან დიდ ქალაქებში არსებულ წვრილ ვაჭრობას, რისი გამოცდილებაც მათ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათი პერსპექტივა სრულიად არაპროგნოზირებადი და ბუნდოვანია. ამას თან ერთვის აგრარული შრომის დაბალი ავტორიტეტი. შედეგად გვაქვს შიდა მიგრაციის აღურიცხავი, თუმცა ფართო მასშტაბი. არაპოპულარულ და აქცენტების გარეშე დარჩენილ აგრარულ პროფესიებს ახალგაზრდობა აღარ სწყალობდა. ასე აღმოვჩნდით კვალიფიციური შრომის დეფიციტის წინაშე.
ხშირად მუსირებს სკეპტიკური აზრი სასურსათო თვითუზრუნველყოფის საკითხებზე საუბრისას. სასურსათო საქონლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, სამწუხაროდ, სურსათის უვნებლობის სამსახურის შეზღუდულობის გამო, არ ვიცით რამდენად ხარისხიანია ჩვენი იმპორტი.
ეკოლოგიურად სუფთა და ბიოლოგიურად სანდო ქართული სოფლის პროდუქტი დღეს ბაზარზე კონკურენტულ ბრძოლას აგებს, ფასის და სასაქონლო სახის გამო. ქართული პროდუქციისათვის არათუ გარე ბაზრები, შიდა ბაზარიც კი ძნელად ხელმისაწვდომია.
2010 წელს სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7 პროცენტამდე შემცირდა. მაშინ როცა მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. გაუგებარია, რატომ ქმნის მოსახლეობის 60 პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7 პროცენტს. აღურიცხავი ეკონომიკის მნიშვნელოვანი რაოდენობისა და ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის რიგი სისტემური ნაკლოვანებების გათვალისწინებით, ეს ციფრები პირობითია, არაა ზუსტი, მაგრამ საკითხის საილუსტრაციოდ სავსებით კორექტულია, რადგან ერთია დასაქმება და მეორეა შრომის მწარმოებლურობა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არცთუ უმნიშვნელო მოცულობის ბიუჯეტს ხარჯავს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებათა ეფექტურობა მაინც უაღრესად დაბალია.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2006-2010 წლებში აჭარის აგრო სექტორში 102 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირების შედეგად შვიდი ათასამდე ადამიანი დასაქმდა (!). ცოტა ხნის წინ სრულიად სხვა მიზნით აჭარის მაღალმთიანეთში მოქმედი აგროსაწარმოებით დავინტერესდი და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში რამდენიმე მათგანი ავირჩიე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხულოში, 2007 წელს დაიწყო ჰოლანდიური შავი ვარდის წარმოება და რომ ამ წარმოებაში შვიდი კაცია დასაქმებული. გაირკვა რომ საწარმო პირველ მოსავალს მხოლოდ წელს ელოდებოდა და ისიც თოვლის ქვეშ მოექცა. დასაქმებულთა რიცხვი ორ-სამ კაცს არ აღემატება და ისიც ხანმოკლე სეზონის განმავლობაში. შუახევში არსებულ აგროსაწარმოში კი 14-ის ნაცვლად მხოლოდ 6 ადამიანია, ცხადია, აქაც სეზონურად.
სერიოზული პრობლემაა მცირემიწიანობა. 90-იან წლებში ჩატარებული რეფორმის შედეგად, მთავრობამ სოფლად მცხოვრებ ყველა ოჯახს თითო-თითო ჰექტარი მიწა დაურიგა. აჭარაში სასოფლო სამეურნეო სავარგულის ერთ ჰექტარზე 5,3 კაცი მოდის, სახნავ-სათეს სავარგულზე კი გაცილებით მეტი - 37,5.
2009 წელს მხოლოდ აჭარის აგრო სასურსათო სექტორში იმპორტში ყველაზე მსხვილი სასაქონლო პოზიცია ხორბლის შემდეგ ბოსტნეულს უჭირავს 25 %-იანი წილით.
აჭარაში 72 862 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულია. ამჟამად სახნავად გამოიყენება მხოლოდ 10 309 ჰექტარი. საქართველოში მოქმედი კვების წლიური ნორმების შესაბამისად აჭარის არ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელები შემდეგნაირად გამოიყურება: კარტოფილი-257 %, ბოსტნეული - 24 %, ხილი - 50 %. ნებაზე მიშვებული და უსახსროდ დარჩენილი გლეხი დღეს ძალიან დაბალ მწარმოებლურია პოტენციურთან შედარებით. მიუხედავად იმისა რომ ერთერთი ყველაზე მაღალ მწარმოებლური დარგი მეკარტოფილეობაა, აჭარაში მისი მწარმოებლურობაც კი ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად განახევრდა. (2010 წელს 209 ცენტნერი იყო, მაშინ როცა საშუალო მოსავლიანობა ჯერ კიდევ კოლმეურნეობებში 400-450 ცენტნერს შეადგენდა. 2005 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა“-ს მიერ ხულოში კარტოფილის ახალი ჯიშები გამოიცადა და შედეგი აქაც ანალოგიური იყო).
იმისთვის, რომ ხილსა და ბოსტნეულზე ადგილობრივი მოთხოვნის არსებული დანაკლისი აღმოფხვრას, ამ ეტაპზე არსებული მოსავლიანობის პირობებშიც კი, სავსებით საკმარისია ბოსტნეულის ნათესი ფართობის 286, ხოლო ხილის ნარგავების 321 ჰექტარით გაფართოება.
ეროვნული სტატისტიკა სასოფლო სამეურნეო სავარგულების და მისი სტრუქტურის შესახებ მონაცემებს პრაქტიკულად არ ცვლის. უცვლელია მრავალწლიანი ნარგავების ფართობი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი გაიჩეხა, ნაწილი ჯერ კიდევ მაშინ იყო მოუსავლიანი და ათწლეულებია უკვე ნარგავების ინტენსიური განახლება არ მომხდარა. ნარგავების დაბერების შეუქცევადი პროცესი, ბუნებრივია, მოუსავლიანი ფართობის წილს კიდევ უფრო ზრდის. სავალალო კი ის არის რომ განუახლებელი მონაცემებითაც მრავალწლიანი ნარგავების 50 %-ზე მეტი მოუსავლიანია. და ეს თითქმის ორჯერ მეტი ფართობის სავარგულია ვიდრე ბოსტნეულზე და ხილზე ზემოთ ხსენებული სასურსათო მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება არსებული ყველა მტკივნეული გარემოების მიუხედავად. ამასთან, აჭარაში რვა ათას ჰექტარზე მეტი დაჭაობებული ტერიტორიაა, რომლის ათვისება და სამეურნეო წარმოებაში ჩაშვება შესაძლებელია.
აჭარა საკუთარი შესაძლებლობით ყველა აგრო სასურსათო პროდუქტზე მოთხოვნას ვერ დაიკმაყოფილებს. მითუმეტეს ვერ შეძლებს ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში. მაგრამ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების პირობებში მას შეუძლია ბოსტნეულზე, ხილზე, კვერცხზე, ხორცზე, თევზზე რძეზე საკუთარი მოხმარების უზრუნველყოფა. მეტიც, საექსპორტო შესაძლებლობებიც აქვს.
ბოლო პერიოდში გლობალური ეკონომიკისათვის ფინანსურ კრიზისთან ერთად ერთობ დამახასიათებელი გახდა აგფლაცია, რაც სასურსათო პროდუქციაზე ფასების მკვეთრ ზრდაში გამოიხატება.
ისმის კითხვა, რას ვაპირებთ ახლო მომავალში, ავამოქმედებთ ჩვენს სახნავ-სათეს რესურსებს სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის მიზნით? ვაპირებთ სავარგულების ექსტენსიურ გაფართოებას?
საქმე მხოლოდ მოსახლეობის სასურსათო მომარაგებას არ ეხება, პრობლემა მეტად ღრმაა, იგი განპირობებულია რეგიონში დასაქმების პრობლემათა გადაწყვეტით და აგრო მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბების აუცილებლობით.
დღეს აგრარულ სფეროში მწვავე კრიზისია, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზი, სხვა პრობლემებთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ინტერესების გათიშულობაა.
სოფლის მეურნეობის დარგები წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომლის ეფექტიანობა დამოკიდებულია როგორც მისი შემადგენელი ძირითადი ელემენტების იმანენტურ თვისებებზე, ასევე ამ რგოლებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებზე. რაც უფრო მჭიდროა (ორგანულია) ეს ურთიერთკავშირები, მით მეტად სრულყოფილი და ეფექტიანია ეს სისტემა. შესაბამისად, ამ კავშირების დარღვევა ხდება ამ დარგების პარალიზების მიზეზი, რომლის სავალალო შედეგებიც სახეზე გვაქვს.
პრაქტიკულად ყოველ წელს რეალური მოსავლიანობა სამინისტროს პროგნოზს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ბაზარზე უხარისხო პროდუქცია წარმატებით იმკვიდრებს თავს. გლეხი მწირი შემოსავლებით დაგროვებას ვერ ახერხებს; შესაბამისად, ვერც მეურნეობის განვითარებას. ამ პროცესის ერთგვარი ლატენტური ფუნქცია მიწისადმი გულგრილობის, უპატივისმცემლო დამოკიდებულების გაჩენაა.
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ტურიზმის განვითარებაზე ვზრუნავთ, უცხოელ ტურისტებს სიხარულით ვუღებთ კარს, მაგრამ აქამდე არ გვიზრუნია მათთვის ქართული წარმომავლობის სუფრა შეგვეთავაზებინა. არადა, იმპორტული ხილითა და ბოსტნეულით გამოკვებილი უცხოელი ტურისტისგან ქართულ სოფელსაც შეეძლო ეხეირა და ქვეყნის ეკონომიკასაც. ახლა არც ერთს არგია დიდად და არც მეორეს.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნისა და სურსათზე ფასების ზრდის ფონზე ფრიად მნიშვნელოვანი და მეტისმეტად აუცილებელიც კია შინა მეურნეობის გლობალური პროცესებისადმი ფეხის ასაწყობად მომზადება. თითქოს წლების წინ გაჟღერებული სნობიზმი დღეს უკუგდებულია და სოფლის მეურნეობა კვლავ ბრუნდება ქვეყნის სტრატეგიულ ჩარხში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უკვე რეალიზებულ უსისტემო, გააზრებას მოკლებულ სვლებს, რომელთა ხორცშესხმით, ცხადია, რეალური ფინანსური შედეგი არ დამდგარა, საფუძვლიანად ჩნდება ეჭვი, რომ ახალგასტრატეგიებული სოფლის მეურნეობა მხოლოდ ხერხია პოლიტიკური კაპიტალის ძიებისთვის. არ ვიცი, როგორ იმუშავებს ელექტორატზე ამ ახალ ეკონომიკურ ხაზზე აპელირება, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ მეინსტრიმში ამ დარგზე თამასა სულ უფრო მაღლა მიიწევს. და სანამ პოლიტიკური ნება და ნების აღსრულების ჯანსაღი მექანიზმი გახდება ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე - როგორ?
დასასრულ, იმედი დასაწყისის კონტექსტიდან მინდა გამოვიხმო. წლების შემდეგ ბევრ ეკონომისტს შევხვდი, ვისაც ტკიოდა ან ეზედმეტებოდა სოფლის მეურნეობა, გულწრფელად ტკიოდა თუ გაუცნობიერებელ ეროვნულ პათოსს ახმოვანებდა, სნობი იყო თუ უბრალოდ ყუჩი, მაგრამ არავისგანგულშემატკივრის ისეთი გულწრფელი პოზა არ მინახავს, როგორიც პოზიცია ქონდათ ჩემს „პირველ ეკონომისტებს“.არ მინდა წლების შემდეგ მორიგ სტატიას ლაიტმოტივად გასდევდეს რეფრენი - პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ტურისტების წასვლის მერექართულ სოფელს მხოლოდ გამონაბოლქვი ერგება.
ნონა ხუჯაძე, ეკონომიკის ექსპერტი