მიგრაცია– მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების უპირველესი პრობლემა
მირანდა სურმანიძე ხულოს მუნიციპალიტეტში - სხალთის თემში დაიბადა დაგაიზარდა, სკოლაც აქვე დაამთავრა. სკოლის პერიოდიდანვე იცოდა, რომსწავლას აუცილებლად დედაქალაქში გააგრძელებდა, რადგან თვლიდა, რომ დედაქალაქში განათლების მიღება უკეთესი იქნებოდა მისი მომავლისათვის. მან ბავშვობის თითქმის ყველა ოცნება აისრულა. საკუთარი თავი გამოსცადა ყველა სფეროში. სწავლისას და ჟურნალისტური საქმიანობისას გაიცნო საყვარელი მწერლები, მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები...
ამჟამად რადიო STAR FM - ის ერთ–ერთი პოპულარული წამყვანი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი მშობლურ სხალთაში დაბრუნებას, მიუხედავად სურვილისა, შორეულ მომავალშიც არ გეგმავს: „დაბრუნების სურვილი ყოველთვის მაქვს, მაგრამ სულ ვფიქრობ, რომ დავბრუნდე რა ვაკეთო? თბილისში განვითარების სწრაფი ტემპია, ვცდილობ ფეხი ავუწყო და არ მოვდუნდე, რადგან მეც სწორედ ასეთი ტემპით ცხოვრება მომწონს.“
სხალთაში დაბრუნებას არც მირანდას დები აპირებენ, ისინი ამბობენ, რომ სოფლად თვითრეალიზების საშუალება საერთოდ არ არის, თუმცა თვლიან, რომ ადრე თუ გვიან სოფელს ვინმემ უნდა მიხედოს თუ ყველა იფიქრებს იქიდან გამოქცევას მთა მთლად დაცარიელდება, სოფლები კი შესაძლოა გაუკაცრიელების საფრთხის წინაშე აღმოჩნდენენ.
„რა თქმა უნდა, რთული იქნება ერთი ხელის მოსმით ყველაფრის მოგვარება, მაგრამ პროცესი თუ დაიწყება, შედეგიც იქნება. პირველ რიგში, სოფლებში კულტურული დაწესებულებები უნდა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს, უნდა მოეწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა, ამ პროცესში კი ახალგაზრდების აქტიური ჩართვა უნდა ხდებოდეს. თავად ახალგაზრდებმა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს თემის კეთილდღეობაზე, თავად უნდა შესძინონ აზრი საკუთარ ცხოვრებას“.
სასწავლებლად არა, მაგრამ საკუთარი სოფლის დატოვება 25 წლის ხიხაძირელ უშანგი ცეცხლაძესაც ხშირად უწევს, ის სამუშაოდ თურქეთში უკვე მე–5 წლია დადის და სწორედ ასე ინახავს დედას და სამ ძმას. მამა ადრე გარდაეცვალა და ოჯახის უფროსობის მძიმე ტვირთის ტარებაც მას უწევს. უჭირს, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავს. სოფელს რისი შესაძლებლობაც აქვს, იმის ნახევარის გამოყენებაც არ შეუძლიათ ცუდი კლიმატური პირობების გამო. მართალია საარსებო წყაროს შოვნა უმძიმესი შრომის ფასად უწევს, მაგრამ სირთულეები არ აშინებს და ცხოვრებას ეჭიდება: „ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, ხშირად 20–25 კაცს ერთ ოთახში გვძინავს, მაგრამ რომ არ წავიდე, როგორ ვარჩინო ოჯახი? საქართველოში დასაქმების არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს. თურქეთში ჩასულს სამუშაოს საშოვნელად „ბირჟაზე“ დგომა არ მიწევს, ნაცნობი თურქი პირველად ყოველთვის მე მასაქმებს და მერე სხვას, კარგადაც მიხდის. ვაპირებ, სანამ ახალგაზრდა ვარ და ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, საცხოვრებელი ბათუმში მოვიწყო და ჩემი ოჯახიც აქეთ გადმოვიყვანო.“
მსგავს ისტორიებს აჭარის მაღალმთიანეთში ხშირად მოისმენთ. ყოველი მე–3 ოჯახიდან ერთ–ერთი წევრი (თუ არა მეტი) სამსახურის საძებნელად ან სასწავლებლად სოფელს ტოვებს. (სამუშაოდ ყველაზე ხშირად, ბათუმის გარდა, თურქეთის რესპუბლიკაში მიდიან, აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ასევე მიგრირებენ საბერძნეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.) ფაქტი კი ერთია – სოფლიდან წასულთა უმრავლესობას, იქ არსებული პირობების გამო, უკან დაბრუნება არ სურს.
რა უწყობს ხელს შიდა მიგრაციას?
უკვე წლებია მიგრაცია საქართველოსთვის ერთ–ერთ უპირველესი და გადაუჭრელი პრობლემაა, ეს არავისთვის არ არის სიახლე, თუმცა არც შიდა მიგრაციის მხრივ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა.ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი სოფელი დაცარიელდა და ძირითადად რა კატეგორიის ხალხი ტოვებს სოფელს არ მოიპოვება.
პრობლემა ნათლად დავინახეთ, მაშინ, როცა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელქტმა“ პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისატვის აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, სხვადასხვა დროს ჩაატარა მოსახლეობის, სპეციალისტთა და ბიზნესმენთა გამოკითხვა, რომლებშიც მიგრაცია მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემათა შორის დასახელდა.
მიგრაციის ძირითად მაპროვოცირებლად შეიძლება მივიჩნიოთ სოფლად შექმნილი მძიმე და უმოძრაო ეკონომიკური ფონი, აგრეთვე თვითრეალიზების შესაძლებლობის დაბალი მაჩვენებლი. თუმცა მიგრაციისათვის არანაკლებ ხელისშემწყობია აჭარის მუნიციპალიტეტების რელიეფი. რელიეფიდან გამომდინარე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ხშირია მეწყერული მოვლენები. სწორედ ეროზირების გამო ოჯახები იძულებით მიგრირებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ცხოვრებისათვის შედარებით უკეთესი ბუნებრივი პირობებია.
შემდეგ მიზეზად შეიძლება დასახელდეს სახნავ–სათესი მიწების სიმწირე და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ბაზრების ნაკლებობა. როგორც შუახევის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურსი უფროსი მიხეილ დავითაძე ამბობს – „შუახევი საზღვრისპირა რეგიონის შემადგენელი ნაწილია და მოსახლეობის აქ დაკავებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ ცხოვრებისთვის და საქმიანობისთვის შესაფერისი პირობები შევქმნათ, მაგრამ მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაინც უძლურები ვართ. ძირითადად სოფელს ტოვებენ ახალგაზრდები, რომელბიც სასწავლებლად მიდიან და აღარ ბრუნდებიან (შუახევის მუნიციპალიტეტს ეს პროებლემა ბოლო ორი წელია არც ისე მწვავედ აწუხებს, როგორც ხულოს მუნიციპალიტეტს, რადგან აქ ფუნქციონირებს ხიჭაურის უნივერსიტეტი, რომელმაც ხელი შეუწყო აბიტურიენტთა გადინების შეჩერებას ავტ.), ასევე ახლადშექმნილი ოჯახები, რომლებიც მცირემიწიანობის გამო იძულებულნი არიან საცხოვრებელი სხვაგან მოიწყონ“. ერთი მხრივ, სოფელში მცირემიწიანობის პრობლემის გამო სასურველია მოსახლეობის მიგრირება გარკვეულ დონემდე, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა წარიმართოს სელექციურობის პრინციპით, რადგან სოფელს ძირითადად შრომისუნარიანი ნაწილი და უმაღლესგანათლებული ახალგაზრდები ტოვებენ. შედეგად აქტიურდება დემოგრაფიული რისკები, ამ ტიპის მიგრაცია კი სოფლად არსებულ ფონს კიდევ უფრო უპერსპექტიულოს ხდის.
მუნიციპალიტეტის სინამდვილეში მიგრაციის ყველაზე დიდი ხელისშემწყობია ფაქტორია პიროვნული რეალიზაციის პრობლემაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის და ზოგადად უმაღლესგანათლებულთათვის. გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი მეურნეობები უმაღლეს განათლებას არ მოითხოვს უმაღლესგანათლებულთა ერთმა ნაწილმა სოფლის მეურნეობაში განათლების ფაქტორის ვერ რეალიზების საბაბით ფიზიკურ შრომაზე გული აიცრუა, მეორე ნაწილმა კი ეკონომიკური იძულების წესით ქალაქად ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიწყო ფიზიკური შრომის უფრო მომგებიან წყაროს ძებნა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადგილზე დარჩენილ უმაღლესგანათლებულთა ძირითადი ნაწილი დასაქმებულია განათლების და ჯანდაცის სფეროებში, ხოლო დანარჩენები კვლავ სოფლის მეურნეობაში.
რა უნდა გაკეთდეს მიგრაციის შესაჩერებლად?
რა უნდა გაკეთდეს მიგრაციის შესაჩერებლად – ამ კითხვაზე თეორიულად ბევრი პასუხის გაცემაა შესაძლებელი, მაგრამ რამდენად განხორციელდება პრაქტიკაში რთული სათქმელია. შუახევის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მიხეილ დავითაძე ამბობს, რომ „ვცდილობთ მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ სამუაო პირობები, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას და ა.შ. მაგრამ მოსახლეობის შეჩერება მაინც ვერ ხერხდება, სწრაფვა ქალაქისკენ მაინც არის...“
ამის შესახებ გადავწყვიტე მეც ჩამეტარებინა პატარა გამოკითხვა. იარაღად გამოვიყენე ერთ–ერთი პოპულარული სოციალური ქსელი, მართალია გამოხმაურებულთა უმრავლეოსბას პრობლემა პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ვფიქრობ, მათი მოსაზრებები მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება:
მეგობარი #1– „ეს სერიოზული პრობლემაა! სოფელში არაფერია ისეთი, რაც ახალგაზრდებს დააინტერესებს და წაახალისებს იქ დარჩნენ... სოფლად არც გზაა ნორმალური და არც გასართობი. დღეს თოხი და ბარი აღარავის უნდა, ახალგაზრდებს ინტერნეტი და მსგავსი გასართობები აინტერესებთ. ამიტომაც მიმდინარეობს შიდა მიგრაცია. თუ ხელისუფლება რაიმე ახალ პროექტს არ წამოიწყებს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სოფლის გადარჩენა შეუძლებელი იქნება. ჰიბრიდული სიმინდი და ტრაქტორი აღარ აინტერესებთ, მით უმეტეს როცა ეს ტრაქტორები უფუნქციოდ დგანან მუნიციპალიტეტების ცენტრებში და გლეხებისთვის ხელმიუწვდომელია. სოფლის გადარჩენა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნას შეუძლია, შემდეგი ინტერნეტის გამოყვანა უნდა იყოს და ა.შ.“
მეგობარი#2– „ეს ძალიან რთული და დიდი ხნის სერიოზული პრობლემაა. აუცილებლად უნდა გაკეთდეს სპეციალური პროგრამა, რომელიც სოფლის ახალგაზრდებს დაასაქმებს და მისცემს საშუალებას სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი... ცივილიზებულ სამყაროში დღეს მათთვის ინტერნეტი არ არსებობს და ელემენტარული გასართობი ადგილები, სამსახურზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია და რა უნდათ სოფელში? სოფლის განვითარების პროგრამებში მარტო ჰიბრიდული სიმინდის თესვა არ უნდა ჩაიდოს, რაღაც საგანმანათლებლო პროგრამებიც უნდა ჩაისვას.“
მეგობარი #3– „განათლების სფეროში არსებული პრობლემები არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მასტიმულირებელი მიგრაციის (ჩემი აზრით). ერთფეროვანი სასწავლო პროცესი, არავითარი წამახალისებელი პროგრამები...“
მეგობარი #4 –„მუნიციპალიტეტების განვითარება (განსაკუთრებით ტურიზმი) და მათი დასაქმება, ყველა ახალგაზრდა შინაგანად შეყვარებულია საკუთარ კუთხეზე, სადაც გაიზარდა და უცხოვრია, მაგრამ მოტივაციაც უნდა ქონდეს იქ ცხოვრების, რადგან ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება ცხოვრება, გრძნობენ რომ ვერ ეწევიან და იმედგაცრუებულნი რჩებიან...“
„არ აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება..;, „უნდა შეუქმნათ სამუშაო ადგილები...“; „გადაადგილების პრობლემა აქვთ...“; „სოფლებში ბიბლიოთეკებიც აღარ დარჩა...“; „ინფრასტრუქტურა ცუდ დღეშია...“
პრობლემის გადაჭრის თავისეული ხედვა აქვთ ჩვენი სტატიის გმირებსაც: უშანგი ცეცხლაძე: „ვფიქრობ სოფლების გაუკაცრიელების შეჩერებას ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთობლივად უნდა შევუწყოთ ხელი. შევეცადოთ განვაახლოთ მამა–პაპური მეთოდები გამოყენება სოფლის მეურნეობაში, მეტი დრო დავუთმოთ ამ კუთხით განათლებას, მეტად შევეცადოთ რაც ღმერთისგან ბოძებული გვაქვს იმის მოხმარებას. ჩემი თაობის ახალგაზრდებს მიწაზე შრომას სოფლის „ბირჟაზე“ დგომა ურჩევნიათ, სწორედ ესაა უირველესი პრობლემა. სიზარმაცის დაძლევას თუ მივეჩვევით ყველაფერი კარგად იქნება .“
მირანდა სურმანიძე: „მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, პირველ რიგში, საფეხბურთო კლუბს ჩამოვაყალიბებდი, სოფლებს შორის ტურნირს გავმართავდი და გამოვაცოცხლებდი ახალგაზრდობას. დალოცვილ მიწაზე ათასგვარი ტრადიცია გვაქვს. აჭარული კერძების, აჭარული ცეკვისა და სიმღერის ფესტივალს გავმართავდი. ბიბლიოთეკებს შორის შეხვედრებს მოვაწყობდი. ცნობილ ქართველ მწერალს ჩავიყვანდი მაღალმთიანეთში და ა.შ. შეუძლებელი არაფერია, ასე გამზარდეს ჩემს მშობლიურ სხალთაში“
P.S. ეს იმ ადამიანთა მოსაზრებებია, რომლებიც პრობლემის პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარები არიან. პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ, დაინტერესებული მხარისთვის ყურადსაღები და გასათვალი