"ინტელექტის" ორგანიზებით მედია ტური ჩატარდა
15 ივლისს, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ (სსო აჭარის რეგიონული ჰაბი) ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა (სსო) და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მედია-ტური ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მომუშავე მედია-ორგანიზაციების (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი („რადიოვიზია“, „ჰეშთეგი“), ტელეარხი 25, გაზეთი „ბათუმელები“, გაზეთი „აჭარა“, მედია-პლათფორმა „ასეა“, გაზეთი „პრაიმ ტაიმი“) წარმომადგენლები გაეცვნენ იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთაც აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით არაერთი პროექტი აქვთ განხორციელებული.
მედია-ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები ეწვივნენ ბათუმში მდებარე რელიგიის მუზეუმს, რომლის სარეაბილიტაციო პროცესიც ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მალე დასრულდება. ამავე ორგანიზაციის მიერ, სსიპ „აჭარის მუზეუმს“ თანამედროვე ტექნიკა გადაეცა, მოეწყო სამუზეუმო ინფრასტრუქტურა, შეიქმნა ვებ. გვერდი (http://ajaramuseums.ge/), ასევე დაგეგმილია მენეჯმენტის საკითხებზე თანამშრომელთა გადამზადება.
ტურის მონაწილეებმა, ასევე მოინახულეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და დემოკრატიის ინსტიტუტის (IOD) პარტნიორობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაფინანსებული გლემპინგ-სასტუმრო - „ჰილლ ინნ“ (ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. დანდალო), რომელიც კიდევ ერთი საინტერესო ლოკაციაა განმარტოებით დასვენების მოყვარულთათვის.
მესამე ლოკაცია, მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოწყობილი "ორი მთის ბილიკი" გახლდათ, რომელიც მარკირებულია და მისი ერთი ნაწილი მოიცავს სოფელ ზუნდაგას (ქედის მუნიციპალიტეტი). აქ შესაძლებელია მოინახულოთ ლაზური სახლები, უძველესი "მეიდან ოდა", "მეჩეთი" და გაეცნოთ ადგილზე არსებულ ტრადიციებს.
მედია-ტურის დასასრულს, მონაწილეებმა მოინახულეს შავი ზღვის ეკო-აკადემიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საოჯახო სასტუმრო და რესტავრირებული ასწლოვანი მარანი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩიქუნეთი), მაჭახლის ხეობაში.
მედია-ტური ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციის, მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) - ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).