სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი
დღეს, ქობულეთში, სასტუმროში „ჯორჯია პალასი“, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მიზანს, ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ოცამდე ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვით საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუშაობენ.
ღონისძიების მიმდინარეობისას, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაეცნობოდნენ მათ საქმიანობას და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის ფარგლებში, მოწვეულმა მომხსენებლებმა ისაუბრეს რეგიონის განვითარებაში მოხალისეობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე; პანელური დისკუსია მოეწყო კორპორაციული ფილანტროპიის გამოცდილებასა და მოტივაციაზე, რომელზეც ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ღონისძიების ბოლოს, გაიმართა აჭარაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის #CSR განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია.
გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, აჭარის ა/რ-ის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასთან, მუნიციპალიტეტებში მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ფორუმის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის - „დროის ბანკი“ - შესახებ და შესძლებლობა მიეცათ მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეერჩიათ აქტივობა, რომელშიც მოხალისოებრივად ჩაერთვებოდნენ.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებული იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ მიერ, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) - ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).