ნაბეღლავის ბოთლი შარაგზიდან
მტკივა...
რამდენი დღეა აქ ვაგდივარ...
სათვალავი ამერია: რამდენი დღე? რამდენი კვირა? იქნებ თვეებიც გავიდა უკვე...
სახე აღარ შემრჩა... სისხლისგან დავიწრიტე... ყელი მიშრება... მეტყველების უნარი წამერთვა, არადა სულ ცოტა ხნის წინ რარიგ ვრაკრაკებდი!
როგორ გამიხარდა ამ ცოტა ხნის უკან შემთხვევით ყური რომ მოვკარი ჩემი მეპატრონის სიტყვებს, მთაში წავიღოთო. ერთი სული მქონდა იმ დახუთული ცელოფნის შეფუთვიდან, ლამის კამეჩის ტყავისოდენა სისქე რომ აქვს, როდის გამათავისუფლებდნენ. მთის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდოდა... ჩემს მინერალებს თუ მთის ჰაერში გავაჯერებ, ორმაგად სასარგებლო ვიქნები კაცისთვის მეთქი ვფიქრობდი... ამიტომაც უხმოდ გადავყლაპე უხეშად ნათქვამი „წავიღოთ“... თანაც მეგონა სოფელში უფრო მეტად იცოდნენ ჩემი ფასი, მაგრამ...
რამდენიმესაათიანი რახარუხის შემდეგ დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ. მეშველა! სიხარულით ცას ვეწიე. თითქოს ცაც და ღმერთიც უფრო ახლოს იყო ჩემთან. მალე კამეჩის ტყავის სისქე ცელოფანიც შემომაცალეს და სოფლის მაღაზიის მაღალ, უსახურ თაროზე შემომდგეს. მეც მოწიწებით ყელი მოვიღერე, გავიბადრე და ბედნიერად დავყურებდი სხვა ნივთებს, მე ხომ მათ შორის ყველაზე მაღალი და მაღლა მდგომი ვიყავი. საცოდავთ თითქოს სიდაბლე არ ჰყოფნიდათ, მტვერიც ისე უხვად მოდებოდათ, უმეტესობა ვერ გავარჩიე, რა და საიდან მოსულიყო. ასაკის დადგენაზე ფიქრიც კი არ ღირდა!
ასე ყელმოღერებულმა, სიმაღლით და თაროთა მწვერვალით დაპყრობილმა სამი დღე გავატარე. ვერც კი წარმომედგინა ის დღეები ცოტა ხნის შემდეგ ჩემი სიცოცხლის უმშვენიერეს მონაკვეთად თუ იქცეოდა... მესამე დღეს ერთ ძველ, ჟანგმოდებულ მაცივარში ამოვყავი თავი, ლიმონათებთან, პელმენთან, ქათმის ბარკლებთან ერთად. სრული „აჯაფსანდალის“ შესადგენად მხოლოდ ნაყინი გვაკლდა. იმავე დილით მაღაზიის მეპატრონის კლიენტის მსხვერპლი გავხდი: სულ რამდენიმე თეთრად გამყიდეს, არც კი დაფიქრებულან ჩემს სასარგებლო თვისებებზე, სისათუთეზე... ხელი რომ შემახო გაუხეშებული თითებისგან ნაკაწრები დამრჩა სხეულზე, მაგრამ არავის შეუნიშნავს. მოვითმინე, ცრემლები უკანვე მივაბრუნე, გადმოსვლის ნება არ მივეცი... რამდენჯერმე შემისროლა ჰაერში, ლამისაა თავბრუ დამახვია და როგორც იქნა მოკიდა ჩემს საცოდავ თავს ხელი, უხეშად მოაბრუნა და მთელი ჩემი ავლა-დიდება შადრევანივით მიმოიფანტა. იმ უხეშმა კაცმა უეცრად დაეწაფა ჩემს ძვირფას სითხეს და ხმაურიანი ყლუპებით გაუშვა სტომაქში. ერთმანეთში არეული იაფფასიანი არყისა და სიგარეტის საზიზღარი სუნი ასდიოდა. უდავოდ ნაბახუსევი იყო, აბა ამ დილით სხვაგვარად თავს როგორ შეიწუხებდა სოფლის ერთადერთ მაღაზიამდე (მთელი სამი კილომეტრი) ფეხით მისულიყო?! მე მისი ერთადერთი მკურნალი ვიყავი, მაგრამ მთლად კარგი ექიმიც ვერ გამოვდექი - მორალი ვერ ვასწავლე. ჩემი სითხიდან დამუხტული ენერგიით მომისროლა სოფლის შარაზე, უკანასკნელი ყლუპის დალევისთანავე და მიმატოვა... შარა მეტისმეტად ქვიანი და მოუწესრიგებელი იყო. ფერდები ამეწვა დაცემისას. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ვიღაცამ შემთხვევით ფეხი წამკრა. სუნთქვაშეკრულმა ავხედე. ვიცანი, ბაჩი იყო, იმ მაღაზიის კლიენტი, ცოტა ხნის წინ მაღალ თაროზე ყელმოღერებით რომ ვიდექი და ვაღიარებ, სხვებს ვჩრდილავდი კიდეც. ბაჩი ჯერ მხოლოდ 8 წლისაა. რა უნდა ვუთხრა, როგორ ვუსაყვედურო, როცა მამამისის ტოლმა ბურთივით მომისროლა?! თვალები დამენამა...
მერე ერთმა მოხუცმა კაცმა ჩამოიარა თოხით ხელში, აქაოდა შუა გზაზე აგდიაო, მომდო თოხი და გვერდით მომისროლა. ჩემს მტკივან გვერდებს ეს უნდოდა?! თურმე ჯერ სად ვარ... გზაზე ურემი გამოჩნდა. მომიახლოვდა. ჯერ ხარმა დამადგა თავისი დიდი და უხეში ფეხი, ფერდები ერთმანეთს ლამის მიაწება, მერე ურემის ბორბალმა გადამიარა... ხმა აღარ მქონდა, მხოლოდ ვხაოდი, მაგრამ ვერც ვერავინ მამჩნევდა და არც არავის ესმოდა ჩემი.
შუადღემდე ვეგდე შარაზე ფერდებშელეწილი, ცრემლიანი. არავის შევუმჩნევივარ, არავინ შეწუხებულა ჩემით. ისევ ბაჩი გამოჩნდა გზაზე მეგობრებთან ერთად. აბა ბიჭებო ფეხბურთი ვითამაშოთო, თამამად მლეწა ფეხი გვერდში და მწვანედ ხასხასა ჭალაში მომადენინა ზღართანი! ტკივილს აღარ დავეძებდი, რაკი ბიჭების თვალს მოვეფარე და სხვების დარტყმებს გადავურჩი.
ერთხანს ვინებივრე მწვანე მდელოზე. არხეინად ვიწექი ულამაზეს გვირილებში და ვტკბებოდი მათი მშვენიერებით. ჩემი შეფერილობის გამო კაცისთვის შეუმჩნეველი გავხდი. ფერდებიც ცოტათი მომირჩა. მიხაროდა. ჩემმა ბედნიერებამ მხოლოდ ერთი თვე გაძლო. მერე სიცხემ იმატა და მწვანე ბალახმა გახმობა დაიწყო. ერთ დილით მწვავე ტკივილმა გამაღვიძა. ჭალას კაცები შესეოდნენ და ცელავდნენ. მეც ცელის მსხვერპლი გავხდი... არც კი შეუნიშნავთ სისხლი როგორ მდიოდა ცელისგან მოყენებული ჭრილობიდან... ვტიროდი, მაგრამ არავის ესმოდა... მერე ქალები გამოჩდნენ. ჩემნაირი ბოთლებით წყალი მიართვეს მთიბავებს. გამიხარდა, ჩემს ძმებს რომ მაინც გაუმართლათ ჩემგან განსხვავებით, მათ მეორედ იყენებდნენ... ის კი არ იცოდნენ რა საფრთხის შემცველი იყო ჩვენი - პლასტმასის ბოთლების მეორადი გამოყენება.
ქალებმა თივის მოგროვება დაიწყეს. მე იქ აბსოლუტურად ზედმეტი აღმოვჩნდი. ჰოდა უკვე მეხუთედ მომისროლეს ქვა-ღორღიან შარაზე.
მას შემდეგ აქ ვაგდივარ. ხან კაცი გადამივლის, ხან ძროხა, იშვიათად ავტომობილიც... ფორმაც დავკარგე და ფერიც... დავბრტყელდი, ჩემი ხასხასა მწვანე „უჟმურმა“ ყავისფერმა შეცვალა. მტვერი უხვად მაყრია და ვერავინ მამჩნევს. როცა წვიმს სულ ერთიანად ტალახიანი ვხდები. თუ წვიმა ცოტა ხანს გაგრძელდება, ტანსაც მბანს ხოლმე და ცოტათი ძველ ელფერს მიბრუნებს. ესეც დროებითია...
და რაღაა ჩემი სიცოცხლე? სიკვდილს ვნატრობ, მაგრამ არსად ჩანს! აქვე, ჩემგან ხუთ მეტრშია ნაგვის ურნა, მაგრამ არავის მოსდის აზრად ხელი მომკიდოს და ნაგავზე მომისროლოს, ასე ხომ მეც მიშველის და გარემოსაც დაასუფთავებს, ჩემი უარყოფითი გამოვლინებებისგან დაიცავს ბუნებას...
ეეეჰ, მოკვდავო ადამიანო, რა ძალა გიბოძა განგებამ და ვერ იყენებ. ნეტავი მე მქნა სულ ცოტა ხნით შენებრ შეძლებული, ნარჩენებს როგორ დავაბინძურებინებდი ამ მადლიან ქვეყანას!
თეონა კაკაციძე