აჭარის რეგიონში პირველი ამაგ-ი (LAG) - აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება ჩამოყალიბდა
ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში 300-მდე ადგილობრივი შეიკრიბა აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანების - ამაგ-ის (LAG-ის) წევრების ასარჩევად. თემში შემავალი ხუთივე სოფლის - დანისპარაულის, შუასოფლის, რიყეთის, დიდი რიყეთის და ბოძაურის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამაგის-ის წევრების არჩევნებში. თითოეული სოფლიდან ამაგ-ის წევრად არჩეულ იქნა ერთი საჯარო მოხელე, ერთი ქალი, ერთი 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, ერთი ბიზნესსექტორის წარმომადგენელი და ერთიც უბრალოდ სოფლის რჩეული.
ამაგ-ის წევრები "ინტელექტთან" ერთად მაქსიმალურად ჩაერთვებიან პროექტის ცალკეულ აქტივობებში, კერძოდ: თემის მრავალ პროფილური კვლევების განხორციელება და შედეგების ანალიზი; განვითარების სტრატეგიების ფორმირება; პრიორიტეტული სტრატეგიების გამოვლენა; განვითარების სტრატეგიების შესაბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამების განხორციელება.
ამაგ-ი რიყეთის თემში პროექტის „სოფლის განვითარების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში ყალიბდება. პროექტის მიზანია სოფლის განვითარების პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობითი მექანიზმის განვითარება და გამოყენება სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერისას და ამგვარად ეფექტური, ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მხარდაჭერა.
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.