თემებში დასახლების საერთო კრებები მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალასა და ჭახათის თემების მოსახლეობაში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფების მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მხარდაჭერით დასახლების საერთო კრებები ჩაატარდა.
კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ თემში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათგან პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთა.
ხალას თემში მოსახლეობამ პირველ რიგში მოსაგვარებელ პრობლემად სოფლის გაზიფიკაცია მიიჩნია. რიგით მეორე პრობლემად სოფლის ერთიანი წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფა, სამარშრუტო ხაზის მოწესრიგება, შიდა სასოფლო გზებისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა დასახელდა.
ჭახათის თემის მოსახლეობა თვლის, რომ შიდა გზები არასახარბიელო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ მოგვარებას საჭირობს. ისინი ითხოვენ ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალების გამოცვლას, ხიდების მშენებლობას, სოფლის გაზიფიკაციას, ავტობუსის მოსაცდელების მშენებლობას და სხვა ადგილობრივი პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი შეიმუშავებს საბიუჯეტო პროგრამებს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პეტიციის წესით განსახილველად წარუდგენს.
დასახლების საერთო კრებები ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივით ტარდება, პროექტის „თემები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თემების მოსახლეობას შორის თანამშრომლობის ფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მუნიციპალური ბიუჯეტების თემების მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტაციის ხარისხის ამაღლება.
„თემები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“ ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შეირჩა სამ-სამი საპილოტე თემი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახლების საერთო კრების მოწვევას.
შერჩეული ექვსი საპილოტე თემიდან ორ ადმინისტრაციულ ერთეულში დასახლების საერთო კრება უკვე ჩატარდა. თემებში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფები ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუშაობას აგრძელებენ და უახლოეს მომავალში დასახლების საერთო კრება ყველა საპილოტე თემში ჩატარდება.