ტრენინგი „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“
ტრენინგი „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“ აჭარის რეგიონში მოქმედმა ბიზნეს-ოპერატორებმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახლახანს გაიარეს. ტრენინგი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას IFC-ის წარმომადგენელი ნათია მგელაძე უძღვებოდა.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის სფეროში;
- წინასწარი აუცილებელი (პრერეკვიზიტული) პროგრამები - GHP&GMP;
- HACCP-ის დანერგვის წინაპირობები;
- HACCP-ის პრინციპების მიმოხილვა სხვადასხვა სექტორისათვის;
- პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.
ტრენინგს შპს „მაჭახელას“ დირექტორი თამაზ კახიძე ესწრებოდა. „მაჭახელა“ თაფლს აწარმოებს და ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს. „თუ HACCP-ის სტანდარტები არ იქნება დაცული, ჩვენი პროდუქცია ვერ გავა ევროპულ ბაზარზე. პირადად მე სურსათის უვნებლობის ტრენინგი გავიარე ისრაელსა და ამერიკაში. საქართველოში „ინტელექტის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“ გავიარე, რომელიც კონკრეტულად HACCP-ის დანერგვაზეა ორიენტირებული. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო და მაქსიმალურად შევეცდები აქ მიღებული ცოდნა რეალურად გამოვიყენო ჩემს საწარმოში“, - განაცხადა თამაზ კახიძემ.
მალე აჭარის რეგიონიდან ქართულ ბაზარზე შპს „ნატურალ პროდუქცია“ რძის პროდუქტებით დამკვიდრდება. ტრენინგი „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“ შპს-ს დირექტორმა არკად კახაძემაც გაიარა. იგი თვლის, რომ „ეს ტრენინგი რძის პროდუქტების წარმოებაში სურსათის უვნებლობის დაცვისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. HACCP-უმთავრესი სისტემაა, რომელიც საწარმოებში უნდა იყოს დაცული. ეს პროდუქციის მაღალ ხარისხზე და კომპანიის სანდოობაზე მიუთითებს. ვფიქრობ მსგავსი ტრენინგები ჯაჭვური ხასიათის უნდა იყოს, რომ მწარმოებლებმა კარგად აითვისონ და რეალურად დანერგონ HACCP-ი“.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ხშირად გვიწევს შეხვედრები ფერმერებთან, აგრო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. ტრენინგზე „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“ მიღებულ ცოდნას მათ გავუზიარებთ. მადლობა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“, რომ საშუალება მოგვცა ბიზნეს-ოპერატორებთან ერთად ჩვენც გაგვევლო ტრენინგი“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა კარლო კეკელიძემ.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ HACCP-ის სახელმძღვანელო (რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ დაკვეთით IFC-მ მოამზადა) და საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვის აღრიცხვიანობის კომპიუტერული პროგრამა.
ტრენინგი „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“ ჩატარდა პროექტის „HACCP-სა და ISO სტანდარტების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ევრო ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში არსებული სასურსათო და ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში არსებული სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საშუალებით.
ტრენინგის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტს ახოერციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ საქართველოში ლიტვის რეპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.