„ინტელექტმა“ კონკურსის „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტი“ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში კონკურსის „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ გამარჯვებულები - ვაჟა ბოლქვაძე და ფატი ჭაღალიძე დააჯილდოვა.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების მონიტორინგის საფუძველზე.
კონკურსი მიზნად ისახავს:
- საკრებულოს აქტიური წევრების მორალურ მხარდაჭერას;
- საკრებულოს წევრების საქმიანობის სტიმულირებას და ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობას;
- საკრებულოს წევრების პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას;
- საკრებულოს წევრების საქმიანობაზე მონიტორინგის პრაქტიკის დამკვიდრებას.
„ინტელექტი“ მუნიციპალიტეტების საკრებულოების მონიტორინგის დროს საკრებულოს წევრებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდა:
- კომისიის სხდომებზე დასწრება და აქტიურობა;
- საკრებულოს სხდომებზე დასწრება და აქტიურობა;
- მოხსენებები საკრებულოს სხდომებზე;
- საკითხების ინიცირება საკრებულოს სხდომებზე;
- ზემდგომ და სხვა ორგანოებში შუამდგომლობები;
- საკრებულოს წევრების რეკომენდაციები.
ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების „საკრებულოს საუკეთესო წევრებს“ - ვაჟა ბოლქვაძესა და ფატი ჭაღალიძეს სპეციალური დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
„ინტელექტი“ მორიგ საკრებულოს სხდომებზე „საკრებულოს საუკეთესო წევრებს“ დააჯილდოებს ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.