მაჟორიტარი წევრები თემებში
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივით 2014 წლის დეკემბერში ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც იყო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისა და თემების მოსახლეობას შორის შეხვედრების, თემებში არსებული პრობლემების ერთობლივი კვლევისა და მოსახლეობისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკის ჩამოყალიბების, ასეთი შეხვედრების ტრადიციად დამკვიდრების ხელშეწყობა.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ინიციატივითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) თემებში საკრებულოს მაჟორიტარი წევრები თავიანთ ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატი და მოსახლეობა თემის პრობლემებს ერთობლივად განიხილავდა და პრიორიტეტებს განსაზღვრავდა. გარდა ამისა, მაჟორიტარი წევრი საკუთარ ამომრჩევლებს ინფორმაციას აწვდიდნენ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის ვადიდან საანგარიშო პერიოდამდე მათ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, რაც ითვალისწინებდა, როგორც სამართლებრივ აქტებზე მუშაობას, ასევე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დროს „ინტელექტის“ წარმომადგენელები აპრობირებული მეთოდოლოგიით ატარებდნენ თემებში მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების კვლევებს.
უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საკრებულოს წევრები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ შეხვედრების ორგანიზებულად და საქმიან ატმოსფეროში ჩატარების საკითხს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხულოს მუნიციპალიტეტიდან აგარის - ჯუმბერ დიმიტრაძე, სხალთის - ჯანგული შაინიძე, რიყეთის - მალხაზ კოჩალიძედადიდაჭარის - ზაურ გობაძე თემების მაჟორიტარი დეპუტატები;
შუახევის მუნიციპალიტეტიდან უჩამბის - არმაზ ბახტაძე და დღვანის - გელა აბაშიძე თემების მაჟორიტარი დეპუტატები;
ქედის მუნიციპალიტეტიდან მერისის - რეზო თურმანიძე, ცხმორისის - გურამ ანანიძე და მახუნცეთის - რომან ბედინაძე თემების მაჟორიტარი დეპუტატები;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მახინჯაურის - აბდი ბერიძე და ფერიის - ჯემალ მუსხაჯბა თემების მაჟორიტარი დეპუტატები;
ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ხუცუბნის - არჩილ დუმბაძე, სოფელ ქობულეთის - ივერი გუგუნავა, ზენითის - არჩილ ჯინჭარაძე, დაბა ჩაქვის - მამუკა მიქელაძე, საჩინოს - თემურ დავითაძე, მუხაესტატეს - იმედა ხიჯიშვილი და ციხისძირის - ნუკრი ბეჟანიძე თემების მაჟორიტარი დეპუტატები.
ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის და დიოკნისის თემების მაჟორიტარი დეპუტატები - ედუარდ მიქელაძე და როინ პაქსაძე „ინტელექტის“ ინიციატივით თემებში მოსახლეობას არ შეხვედრიან. ეს მისია ადგილობრივმა პროპორციული სიით გასულმა საკრებულოს წევრებმა - ბადრი ბერიძემ და ზვიად ძირკვაძემ იკისრეს. მსგავს შეხვედრას საერთოდ არ დასწრებიან შუახევის მუნიციპალიტეტის ოლადაურის და შუბანის თემის მაჟორიტარები - ოთარ სურმანიძე და შოთა ბოლქვაძე.
დღეისათვის აჭარის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 63 თემიდან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივის ფარგლებში თემის მოსახლეობასთან შეხვედრა არ ჩატარებულა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში. აღნიშნული თემის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი არძენაძე მიზეზად მოუცლელობას ასახელებს და შეხვედრის მოგვიანებით ჩატარებას გვპირდება.
მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა მოსახლეობასთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" სამომავლოდაც გეგმავს გააგრძელოს აღნიშნული აქტივობა და ხელი შეუწყოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მოსახლეობის დაახლოებას.