ტრენინგი საკრებულოს წევრებისათვის
„თვითმმართველობა და განვითარება“ - ასე ქვია ტრენინგს, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიების წევრებს ჩაუტარა. ტრენინგის თემატიკა წინასწარი ანკეტური გამოკითხვის საფუძველზე შემუშავდა და აღნიშნული კომისიების საქმიანობის გაუმჯობესებას, საკრებულოს წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ტრენინგზე მსმენელებმა გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, საქართველოს საბიუჯეტო სისტემას, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების ძირითად პრინციპებს, საინვესტიციო პასპორტის დანიშნულებას, მუნიციპალურ მომსახურებებს და ასე შემდეგ. თეორიული ნაწილი მსმენელებმა პრაქტიკაში იმიტირებულ საკრებულოს სხდომაზე გამოსცადეს. როგორც თავად აცხადებენ, ტრენინგი საინტერესო და სასარგებლო იყო და აქ მიღებულ ცოდნას თავიანთ მუნიციპალიტეტებში რეალურად განახორციელებენ.
ტრენინგი ჩაატარეს კვალიფიციურმა ტრენერებმა: ლევან გობაძემ (საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი), გენო გელაძემ (განათლების დოქტორი), დავით არძენაძემ (ეკონომიკის მაგისტრი) და მარი პაპუნიძემ (ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი).
ტრენინგი ჩატარდა კურორტ საირმეში, 11-14 ნოემბერს, პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდამჭერით. ტრენინგში მონაწილეობა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების 3-3 წევრმა მიიღო (თითოეული მუნიციპალიტეტიდან 6-6 წევრი).
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.