აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს „კარგი მმართველობის დეკლარაცია“ გადაეცათ
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტი“ ხულოს, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს „კარგი მმართველობის დეკლარაცია“ საზეიმოდ გადასცა. აღნიშნულ დეკლარაციას 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებმა, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე (14 ივნისს) ხელი საჯაროდ მოაწერეს.
„კარგი მმართველობის დეკლარაციის" თანახმად საკრებულოს წევრი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა; ჩამოაყალიბოს მოსახლეობის მომსახურების ეფექტური სისტემა; ხელი შეუწყოს თვითმმართველობის პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებას; ბიუჯეტის ფორმირების, დამტკიცების, განკარგვის პროცესები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფუძნებოდეს მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს; ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.
„კარგი მმართველობის დეკლარაცია“ შემუშავებულია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ, პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის წესისა და ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით; თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
„როცა საკრებულოს წევრობა გადავწყვიტე, გააზრებული მქონდა თუ რა პასუხისმგებლობა უნდა ამეღო ამომრჩევლის წინაშე. ამ დეკლარაციაზე ხელმოწერამ რწმენა გამიმტკიცა და აღებული პასუხისმგებლობა გამიათკეცა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ყოველ წამს შეგახსენებს იმ ვალდებულებას, რაც მოსახლეობის წინაშე თითოეულ საკრებულოს წევრს გააჩნია. ვფიქრობ, დეკლარაციაზე დაფიქსირებული ხელწერა არ მოგვცემს მოდუნების საშუალებას და ხელს შეგვიწყობს, ვიყოთ უფრო ყურადღებიანი და საქმიანი,“- აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა გელა აბაშიძემ.