თემებში საგანმანათლებლო შეხვედრები მიმდინარეობს
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომელიც პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა, დასრულდა. ტრენინგი „ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები“ აჭარის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) თემებში „ინტელექტის“ მიერ კონკურსის წესით შერჩეულმა განმანათლებლებმა მოისმინეს. ტრენინგის დასრულებისთანავე ადგილობრივი განმანათლებლები თავიანთ თემებში საგანმანათლებლო საქმიანობას შეუდგნენ.
თემის განმანათლებლები ზრუნავენ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე. ისინი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს საარჩევნო ხმის უფლება, თვითმმართველობის საწყისებს აცნობენ: რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა არჩევნებზე, თვითმმართველობის არსი, საკრებულოს საქმიანობა, საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ფუნქცია და ანგარიშვალდებულება ამომრჩევლების წინაშე და ა. შ.
ამ დროისთვის მონაცემთა ბაზაში 2204 ბენეფიციარი ფიქსირდება, რაც იმას მოწმობს, რომ განმანათლებლები აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში 2204 საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეს შეხვდნენ და თვითმმართველობის საფუძვლებზე ესაუბრნენ. საგანმანათლებლო საქმიანობა მიმდინარე წლის 30 მაისამდე გაგრძელდება და განმანათლებლები თემის მოსახლეობის 2/3-ს მოიცავენ.