მაჟორიტარმა კანდიდატებმა „კარგი მმართველობის დეკლარაციას“ საჯაროდ ხელი მოაწერეს
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე 14 ივნისს აჭარის რეგიონის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით „კარგი მმართველობის დეკლარაციის“ საჯაროდ განხილვა შედგა. განხილვაზე თითოეული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობდნენ. მათ „კარგი მმართველობის დეკლარაციაში“ შესულ პუნქტებს ერთხმად დაეთანხმნენ და საჯაროდ ხელმოწერით დაადასტურეს თავიანთი პოზიცია. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ კანდიდატს უარი არ უთქვამს „კარგი მმართველობის დეკლარაციაზე“ ხელმოწერაზე. მონაწილეთა სიმრავლით ქობულეთის მუნიციპალიტეტი გამოირჩეოდა.
„კარგი მმართველობის დეკლარაცია“ შემუშავებულია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ, პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების თემების მოსდახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის წესისა და ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით; თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
„რადგან მიმაჩნია, რომ „კარგი მმართველობის დეკლარაციაში“ შესული პუნქტები მუნიციპალიტეტებისთვის სავალდებულოა და უნდა სრულდებოდეს, ამიტომაც სიხარულით მივიღე შემოთავაზება მონაწილეობა მიმეღო დეკლარაციის განხილვაში და ხელიც საჯაროდ მომეწერა,“- განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მერაბ აბულაძემ. იგი ხულოს მუნიციპალიტეტის ვაშლოვანის თემში იყრის კენჭს.
„კარგი მმართველობის დეკლარაციის შემუშავების იდეა პირველად 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გაჩნდა. დეკლარაციაში, ძირითადი თეზისების სახით ჩამოყალიბდა ის ძირითადი პოსტულატები, რომლებიც თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას უდევს საფუძვლად და რომლის რეალიზაციისკენაც უნდა ისწრაფოდნენ თვითმმართველობის ორგანოები.
“კარგი მმართველობის დეკლარაციის” შემუშავება და მისი საჯარო ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების მიერ, ჩვენი აზრით იქნებოდა ძალიან კარგი „მორალური სტიმული“ საკრებულოების მომავალი წევრებისათვის, რომ არჩევის შემთხვევაში ეხელმძღვანელათ იმ პრინციპებით, რომლებიც დეკლარაციაში იქნებოდა ჩამოყალიბებული.
შინაარსობრივად, კარგი მმართველობის დეკლარაციაში არაფერია განსხვავებული იმისაგან, რაც თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობით არის განსაზღვრული. უბრალოდ, დეკლარაციაში კანონის ზოგადი ფორმულირებები უფრო კონკრეტული სახით არის გადმოცემული“, - აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს მონიტორინგს განახორციელებს და „საკრებულოს საუკეთესო წევრს“ გამოავლენს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.