1001 ჭის ზღაპარი
ამბავი იმისა, თუ როგორ გაწმინდეს 1001 სანიაღვრე ჭა ბათუმში, თუ როგორ მოატყუა შპს "საგზაო საწარმომ" ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები და როგორ გამოსტყუა მათ ჭების გაწმენდის ფული.
ეს ამბავი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახლგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტის "ანტიკორუფციული სამოქალაქო ინიციატივა" ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებისას აღმოაჩინეს.
ქ. ბათუმში სანიაღვრე არხები რომ მოუვლელი და გაუწმენდავია ყოველი წვიმის შემდეგ ხან ერთი, ხან მეორე ჭიდან ამოხეთქილი წყალი და დატბორილი ქუჩები მოწმობენ. დღემდე, რომ სანიაღვრე ჭები იშვიათად იწმინდებოდა და თვეები ისე ჩაივლიდა, რომ სანიაღვრე ჭის ხუფს არავინ ხდიდა თავს, სხვათა შორის მაინც, არც ესაა აქაურთათვის ახალი ამბავი.
სამაგიეროდ "ახალი ამბავივით" ჟღერს, რაც თურმე ბათუმში მოქმედმა ერთ–ერთმა შპს–მ გააკეთა რამოდენიმე თვის უკან.
შპს–ს "საგზაო საწარმო" ჰქვია, დირექტორი გ. ჩხაიძე. მათი ოფისი მდებარეობს ჯავახიშვილის ქუჩა 64–ში. შპს–ს ბათუმის მერიაში გამოცხადებული არაერთ ტენდერიში აქვს მონაწილეობა მიღებული და ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულია.
მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ქალაქის სანიაღვრე არხების მოვლა ექსპლოატაციისათვის გამოყოფილი იყო 169 433 ლარი. თანხის განკარგვის უფლება ტენდერის საფუძველზე სწორედ შპს "საგზაო საწარმოს" მოუპოვებია.
ვაგრძელებთ "ახალი ამბის" თხრობას და გეტყვით, რომ სანიაღვრე ჭები გაწმენდილია.
თურმე "საგზაო საწარმოს" თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილში ჩვენს ქალაქში 32 ქუჩაზე გაწმინდეს 1001 სანიაღვრე ჭა. ჭები მთელი ზამთრის განმავლობაში გაუწმენდავი და ძალიან დაბინძურებული იყო. საწარმოს თანამშრომლებს 1001 ჭიდან 114,9 კბ/მ მოცულობის შლამი ამოუღიათ და გაუტანიათ. მერიაში წარდგეილი სამუშაოების შესრულების აქტში წერია, რომ საწარმოს ამისათვის ბიუჯეტიდან მიღებული 169 433 ლარიდან 13 335 ლარი დაუხარჯავს.
ამბავი ასე არ დასრულებულა და მას ძალიან საინტერესო გაგრძელება ჰქონდა.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ, შპს "საგზაო საწარმოს" წარმომადგენლებმა, საოცარი მონაცემებით შემდგარი "მაისის თვის სამუშაოების შესრულების აქტი" შესთავაზეს მერიას.
სამუშაოების შესრულების აქტის მიხედვით საგზაო საწარმოს თანამშრომლებს ზუსტად ერთვი თვის შემდეგ, ზუსტად იმავე 32 ქუჩაზე მდებარე, ზუსტად იგივე 1001 ჭიდან ორჯერ მეტი შლამი (250 კბ/მ) ამოუღიათ და გაუტანიათ. სამუშაოების შესრულებაც შესაბამისად ბევრად უფრო მეტი თანხა – 18 902 ლარი დაჯდა.
ორგანიზაცია „ახალგაზდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" წარმომადგენელი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ზაზა გორაძე ამბობს: "ყველამ კარგად იცის, რომ იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი ყველაზე ნალექიანი პერიოდებია. ამდენად დაუჯერებელია ის, რაც "საგზაო საწარმოს" აქტებში წერია. წარმოუდგენელია და უბრალოდ შეუძლებელი იყო მხოლოდ მაისის თვეში სანიაღვრე ჭებში დაგროვილიყო ორჯერ უფრო მეტი შლამი, ვიდრე მთელი ოთხი ნალექიანი თვის განმავლობაში. ეს "შეჰრაზადას" მიერ მოყოლილ ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს."
აქ წყდება ეს ამბავი...
ვინ არის სულთანი და ვინ და რატომ დაიჯერა 1001 ჭის ზღაპარი? ნეტა მერამდენე ღამე თენდება, ან რამდენი დარჩა 1001–მდე?
გაგრძელება იქნება...
P.S სტატიამ მონაწილეობა მიიღო ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ჟურნალისტები ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის“ კონკურსში, სადაც სტატიას საინტერესო სიუჟეტისთვის ჟიურის სპეციალური პრიზი მიენიჭა.