"ინტელექტმა" რაჭველ ფერმერებს უმასპინძლა
23–25 იანვარს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზინტერკონტს" და რაჭველ ფერმერებს მასპინძლობდა. პროექტი "სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში" რომლის ფარგლებშიც შედგა აღნიშნული ვიზიტი, მთელი საქართველოს მასშტაბით ფერმერთა გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. რაჭველმა ფერმერებმა აგრო ტურის ფარგლებში აჭარაში რამოდენიმე წარმატებული მეურნობის გაცნობა მოასწრეს: ისინი ქედაში, სოფელ ოქტომბერში მეთევზეობის მეურნეობა "აკავრეთას" ეწვივნენ, ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მეფრინველეობის ფერმას "დიადემა", ბათუმში რძის გადამამუშავებელი მინი საწარმო "თეთრობი" მოინახულეს, ხოლო ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მეფუტკრეობის კერძო მეურნეობა. როგორც პროექტის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა და ორგანიზაცია "აფხაზინტერკონტის" პრესმენმა, სერგო წურწუმიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რაჭველი ფერმერბი ძალიან კმაყოფილები არიან: "ჩვენ აჭარაში რამოდენიმე მეურნეობა მოვინახულეთ, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან თავიანთ სფეროებში. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში გვქონდა მსგავსი ვიზიტები, სადაც მოვინახულეთ მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეკარტოფილეობის, მეფუტკრეობი, მეთევზეობის და კიდევ ბევრი სხვა ფერმერული მეურნეობები, ფერმერბი კმაყოფილები არიან და ცდილობენ საკუთარ ფერმებშიც გამოიყენონ ადგილებზე ნანახი წარმატებული ხერხები და მეთოდები". სტუმრად მყოფმა ფერმერებმა მიღებული შთაბეჭდილებებით კმაყოფილება არ დამალეს. გამოცდილება, რომელიც აჭარელმა აგრომეწარმეებმა გაუზიარეს მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სხვათაშორის, სტუმრების უმრავლესობა აჭარას პირველად ეწვია და ტურის მომხიბვლელობა, საქმიანი გამოცდილების გაცვლასთან ერთად, კულტურული პროგრამის ფარგლებში კიდევ უფრო გაიზარდა. ითქვა, რომ პროექტი გაგრძელდება და ანალოგიური მიზნებით უახლოეს მომავალში კვლავ შედგება უფრო ფართო მასშტაბიანი ვიზიტი.