თემები დემოკრატიული ცვლილებებისათვის!
შეზღუდული დრო და მცირე ბიუჯეტი.
აჭარის ორი მუნიციპალიტეტი და ექვსი თემი.
ხელვაჩაური - კირნათი, მახინჯაური ორთაბათუმი.
ქობულეთი - ჭახათი, ხალა, ჩაისუბანი.
შერჩევის კრიტერიუმი: ბოლო წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული ყველაზე დაბალი დაფინანსება მოსახლეობის მიხედვით.
ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე ხეტიალი თემ-თემ, სოფელ-სოფელ, კარდაკარ...
მოსახლეობა გაცრუებული იმედებით, დაკარგული რწმენით და კიდევ უფრო მეტად დაკარგული ნდობით!
რის ვაი-ვაგლახით შეკრებილი ადგილობრივები - თხოვნით, მუდარით, პირადი კონტაქტებით, თვითმმართველობის წარმომადგენლების დახმარებით...
ხმაურით ჩატარებული კრებები და მძიმე სოციალურ ფონზე უფრო მეტად გამუქებული პრობლემები.
თითოეულ თემში ოცამდე დასახელებული პრობლემა და ფიქრი გადაჭრის გზებზე.
გამოკვეთილი პრობლემები და შედგენილი პეტიციები.
ისევ გზა დილის 9 სათიდან ღამის 12 საათამდე თემ-თემ, სოფელ-სოფელ, კარდაკარ... საჭირო რაოდენობაზე გადაჭარბებული ხელმოწერები პეტიციაზე, ხეტიალის მიუხედავად ენერგიით აღვსილი საინიციატივო ჯგუფის წევრები და ბრძოლა მიზნისთვის: პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში!
იყო ბევრი წინააღმდეგობა და იმედგაცრუება, ნებით თუ უნებლიედ შექმნილი ბარიერები, უმისამართო (და უსამართლო) გადამისამართებები...
ყველაზე დიდი ბარიერები პეტიციების რეგისტრაციას მოყვა: კანონთან შეუსაბამო რეგლამენტი, გაუმართავი ტექნიკა (სკანერი, ქსეროქსი), ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიცია: არ გვინდა შევქმნათ პეტიციის შემოტანის პრეცენდენტი!
...
ხელვაჩაური.
პეტიციებში ასახული რეალობის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ერთად, საინიციატივო ჯგუფის გვერდით და საერთო მიზნისთვის: პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში!
გადამოწმებული ხელმოწერები და 100%-იანი შედეგი! ყოველი მეორე მოქალაქე გამოიკითხა და ყველამ თამამად განაცხადა, რომ „პეტიციას ხელი მოაწერა!“
მერე არეული ხელმოწერები და ხელოვნური ბარიერები პეტიციის არდასაკმაყოფილებლად. „რამდენიმე გვერდი მეორდება და ამომრჩეველთა 1% არ აწერს ხელს რეალურად,“ - ასეთი იყო თვითმმართველობის პასუხი.
ისევ პეტიცია და ხელმოწერები, ნაკლები კი არა და, საჭირო რაოდენობაზე მთელი 100 ხელმოწერით მეტი და...
ბოლოს და ბოლოს: პეტიციის განხილვა!
პირველზე (ორთაბათუმი) უარი.
მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობას გადასცეს შესასწავლად. დიდი ალბათობით დაკმაყოფილდებაო კირნათში სპორტული მოედნის მშენებლობის საკითხი.
მესამეზე დადებითი გადაწყვეტილება: მახინჯაურის თემში, სოფელ განთიადში განთიადის სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება!
ერთიანად გახარებული ოთხი აქტორი: ადგილობრივი მოსახლეობა - მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ სასმელი წყლით; ჩვენ - არასამთავრობო სექტორი, პროექტის განმახორციელებელი და იდეის ავტორი; საინიციატივო ჯგუფი - თემის აქტიური და ავტორიტეტული მოქალაქეები. ისინი, ვინც არ დაიღალა თემ-თემ, სოფელ-სოფელ, კარდაკარ ხეტიალით და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებით; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა - აჭარის რეგიონში პირველები პეტიციის განხილვისა და დაკმაყოფილების გათვალისწინებით! პრეცენდენტის შექმნის ავტორები!
ერთნაირად ამაყი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი!
თურმე საერთოც გვქონია რაღაც...
სასიხარულოა!
საამაყოა!
მისაბაძია!
აი ეს არის პატარა პროექტის დიდი წარმატება!
...
ქობულეთი.
შეიძლება ითქვას „აქილევსის ქუსლი“ პეტიციების დარეგისტრირების საკითხში...
საკანონმდებლო ხარვეზი, ერთმანეთთან კოლიზიაში მყოფი ადგილობრივი თვითმმართველობის რეგლამენტი და საქართველოს ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
და რეკომენდაციები,
მიმართვები,
დიალოგი...
ფარული ომი!
ბრძოლა მიზნისთვის!
ბოლომდე, შეუჩერებლივ, უკან დახევის გარეშე!
... და არის!
კანონი უზენაესია!
საკანონმდებლო ხარვეზი აღმოფხვრილი.
კოლიზია „მოსპა“ ქობულეთის საკრებულოს რეგლამენტსა და საქართველოს ორგანულ კანონს შორის!
ესეც პატარა პროექტის დიდი წარმატება!
...
ბრძოლა მიზნისთვის კვლავ გრძელდება. საინიციატივო ჯგუფის წევრები ისევ აგროვებენ ხელმოწერებს პეტიციებზე, რომლითაც თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
ხელვაჩაურის შემდეგ იმედი გაუჩნდათ, რომ მათი პრობლემებიც მოგვარდება.
იმედია მოგვარდება.
და მერე მესამედ და მეტი სიამაყით ვიტყვი: პატარა პროექტის კიდევ ერთი დიდი წარმატება!
...
მადლობა NDI-ის პროექტის ფარგლებში ფინანსური და მორალური მხარდაჭერისთვის.
თეონა კაკაციძე























